კაფე ,,რვაფეხა“ - ბათუმის და შავი ზღვისპირეთის სავიზიტო ბარათი და შთამბეჭდავი ნაგებობა.
მოლივლივე ზღვისა და ტალღების ანარეკლი გუმბათზე; ზღვის ცხენებით, ვარსკვლავებით, ფერადი თევზებითა და ბათუმის სიმბოლო დელფინებით მორთული ეს უნიკალური ნაგებობა ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრების შეხვედრების ადგილი და საპორტო ქალაქის განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობაა.
კაფე ფანტაზია ბულვარში, ზღვის სანაპიროზე, 1981 წელს გაიხსნა. ზღვის ბინადრებით გაფორმებული ,,ურჩხული“ საქართველოში დღემდე შემორჩენილი მოზაიკური ხელოვნების გამორჩეული ძეგლია. სპეციალისტების განმარტებით, სწორედ ,,ფანტასმაგორიულ და სიურრეალისტურ რვაფეხაში“ განხორციელდა ჩარჩოებიდან გასვლისა და თავისუფლების იდეები; 80-იანი წლების ,,ჰიპური ხელოვნების ნიმუში“, რომელშიც გაერთიანდა როგორც საქართველოს და შავი ზღვისპირა ქალაქის, ისე მსოფლიოს არქიტექტურის სიმბოლო-მინიშნებები.
კაფე ფანტაზია 2000-იან წლებში უფუნქციოდ დარჩა და დაიხურა. დაიწყო შენების დაზიანება. უნიკალური ნაგებობა განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ფონდ ,,ქართუს“ მიერ დაფინანსებული, რამდენიმეწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ რვაფეხა კვლავ დაუბრუნდა ბათუმს.
2019 წელს კაფე ,,ფანტაზია“ ოფიციალურად გაიხსნა. ,,რვაფეხას“ დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მას ტურინვესტ ჯგუფი მართავს.